როგორ შევადგინოთ გაკვეთილის გეგმა

მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

როგორ შევადგინოთ გაკვეთილის გეგმა






სანამ დავიწყებთ გაკვეთილის გეგმაზე მუშაობას, სამი კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს:


1. რას უნდა მიაღწიოს ჩვენმა მოსწავლეებმა? (შედეგი)

2. როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს?

3. როგორ გავიგოთ მიღწეულია თუ არა სასურველი შედეგი?


ამის შემდეგ დავიწყოთ გეგმის შედგენა. დაგეგმვის პროცესში, ყველა ეტაპზე, უნდა გამოვიყენოთ შემოთავაზეული შეკითხვები, რაც დაგვეხმარება თვალნათლივ წარმოვიდგინოთ მთელი გაკვეთილის მსვლელობა.


მიზანი


გაკვეთილის მიზანი განსაზღვრავს შედეგს - რას უნდა მიაღწიონ თქვენმა მოსწავლეებმა გაკვეთილის განმავლობაში.


რა არის გაკვეთილის პერსპექტიული მიზნები?

  • რა მიზნები გაქვთ კონკრეტულ გაკვეთილზე?

  • რას ველით მოსწავლეებისაგან? რა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს შეიძენენ გაკვეთილის ბოლოს?


ამოცანები


ამ ეტაპზე მასწავლებელმა უნდა ჩამოაყალიბოს, რას გააკეთებენ მისი მოსწავლეები გაკვეთილის მსვლელობისას.


  • რა უნდა გააკეთონ მოსწავლეებმა გაკვეთილის განმავლობაში?

  • რომელ ეტაპზე უნდა დამთავრდეს გარკვეული სამუშაო?

  • რა კრიტერიუმები გამოიყენება მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებლად?

  • როგორ მოხდება მიღებული ცოდნისა და შეძენილი უნარ-ჩვევების დემონსტრირება?


აუცილებელი პირობები:


ამ ეტაპზე განისაზღვროს, მზად არიან თუ არა მოსწავლეები მომავალი აქტივობის ჩასატარებლად. რა ცოდნა უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს ამ გაკვეთილამდე.


  • რომელი საკითხები უნდა დაამუშაონ წინასწარ, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიონ?


მასალა:


ამ ეტაპზე ორი ფუნქცია აკისრია: მასწავლებლის მიერ უნდა განისაზღვროს მოსამზადებელი დრო და ის რესურსები, რაც მას სჭირდება გეგმის წარმატებით განსახორციელებლად - (წიგნები, ციტატები, სამუშაო სქემები და სხვა თვალსაჩინოება).


  • რა მსასალაა საჭირო?

  • რა ლიტერატურაა საჭირო? (სრული ბიბლიოგრაფია)

  • როგორ უნდა მომზადდეს და დაიგეგმოს სამეცნიერო და პრაქტიკული სამუშაოები?


გაკვეთილის აღწერა:


სასურველია, მასწავლებელმა იმგვარად აღწეროს გაკვეთილის მსვლელობა, რომ იგი, სურვილის შემთხვევაში, მისმა კოლეგებმაც გამოიყენონ.


  • რა არის მნიშვნელოვანი ამ გაკვეთილში?

  • რით შევძლებთ მოსწავლეთა დაინტერესებას?

  • სწავლების რომელი დონეა გათვალისწინებული გაკვეთილზე ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, თუ შეფასება.


გაკვეთილის პროცედურა (მსვლელობა):


გეგმის ეს ნაწილი წარმოადგენს გაკვეთილის დეტალურ აღწერას. როგორ უნდა განვახორციელოთ გაკვეთილის მიზნები. როგორ უნდა იმუშაონ მოსწავლეებმა გაკვეთილზე. ეს პროცესი სამი ნაწილისაგან შედგება: შესავალი, მთავარი აქტივობა, (ძირითადი ნაწილი) და დასკვნითი ნაწილი.


შესავალი:


  • როგორ გავაცნოთ მოსწავლეებს გაკვეთილის იდეებას და მიზნებს?

  • როგორ მოვახერხოთ მოსწავლეთა პროვოცირება?

  • როგორ შევძლოთ მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება და მოტივაცია?

  • როგორ დავუკავშიროთ გაკვეთილის მიზნები მოსწავლეთა ინტერესებს?

  • რა ელის მოსწავლეებს?


ძირითადი ნაწილი:


  • რა არის გაკვეთილის მთავარი თემა?

  • რას აკეთებს მასწავლებელი იმისათვის, რომ უფრო მარტივი და საინტერესო გახადოს გაკვეთილი? რა ხერხებს იყენებს?

  • საილუსტრაციო მაგალითების ჩამოთვლა.

  • როგორ უნდა წარიმართოს პრეზენტაცია, რათა მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახონ მიღებული ცოდნის საჭიროება?


ბლუმის ტაქსონომია


ბლუმის ტაქსონომია არის პედაგოგიური მიზნებისათვის შექმნილი კოგნიტური (შემეცნებითი) იერარქიული სისტემა. მისი ავტორია ამერიკელი პედაგოგი და ფსიქოლოგი ბენჟამენ ბლუმი. ტაქსონომია ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას. იგი ბერძნული სიტყვაა (Taxis და nomos), რაც ნიშნავს დიფერენცირებას რიგისა და კანონის მიხედვით. ტაქსონომია ბიოლოგიურ ტერმინთა ნუსხიდანაა ნასესხები და აღნიშნავს იმგვარ კლასიფიკაციას, რომელიც ობიექტს ახასიათებს მარტივი კატეგორიიდან რთულისკენ. ამრიგად, ბლუმის ტაქსონომია აზროვნების განვითარებული ექვსსაფეხურიანი მოდელია:


1. ინფორმაციის ცოდნაფაქტების გახსენება - ამ ეტაპზე (საწყისი საფეხური) მოსწავლემ გონებაში უნდა აღადგინოს ინფორმაცია, რომელიც რაიმე ნიშნით უკავშირდება საგაკვეთილო თმას... (შესასწავლი მასალის გახსენება).

2. გაგება - მოსწავლე კომუნიკაციის გზით შეიმეცნებს ახალ მასალას და იძენს ცოდნას (მასალის არსში წვდომის უნარი).

3. გამოყენება - მოსწავლე იყენებს მიღებულ ცოდნას. (ნასწავლი მასალის ახალ და კონკრეტულ სიტუაციაში გამოყენების უნარი).

4. ანალიზი - მოსწავლე ნაწილებად შლის მიღებულ ცოდნას (მთლიანი მასალის დანაწილება კონსტიტუენტებად ისე, რომ მთლიანი ორგანიზებული სტრუქტურა იყოს გასაგები).

5. სინთეზი - მოსწავლე ამთლიანებს ელემენტებსა და ნაწილებს. (ნაწილების დაკავშირების და ერთ მთლიანობად ჩამოყალიბების უნარი).

6. შეფასება - მოსწავლე აფასებს მასალას, მეთოდებს, რომლებიც გამოყენებულ იქნა დასახული მიზნის მისაღწევად (იმსჯელეთ, რამდენად ღირებულია მასალა დასახული მიზნის მისაღწევად).


სასურველია, მასწავლებელმა სამუშაო პრინციპად აქციოს აზროვნების სხვადასხვა დონის განმავითარებული შეკითხვების თანმიმდევრული გამოყენება.


წესი №1


გაითვალისწინე, რას სწავლობს და ამუშავებს მოსწავლე (წერს ფორმულას, კონცეფციას /ფაქტს/ იდეას, ახალ უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებას საკითხისადმი, თუ ღირებულებას).


გაკვეთილისთვის ამოვირჩიოთ ჩამონათვლიდან რამოდენიმე ტექნიკა:


  • დემონსტრირება - დაწვრილებით და თანმიმდევრულად აღწერა მოქმედების ყველა დეტალისა;

  • ახსნა - ასახსნელი ინფორმაციის განსაზღვრა;

  • დისკუსია - დისკუსიის წასამართი ძირითადი კითხვების ჩამოწერა;


შემოგთავაზებთ ზმნებს, რომლებიც გაგიადვილებთ კითხვის დასმას აზროვნების სხვადასხვა საფეხურზე: ინფორმაციული ცოდნის აღსადგენად საჭირო კითხვებიდან (უიოლსი) - შეფასების ჩასატარებლად საჭირო კითხვებამდე (ურთულესი).


0x01 graphic


დასკვნითი ნაწილი:


  • რას გამოიყენებთ აზრების შეჯამებისათვის გაკვეთილის ბოლოს?


როგორ განახორციელებთ უკუკავშირს მოსწავლეებთან (ხარვეზების შესავსებად და ცოდნის გასამტკიცებლად)?


შემდგომი გაკვეთილები / აქტივობები:


  • რა აქტივობები გამოიყენება ახსნილი მასალის ასათვისებლად?

  • რომელი გაკვეთილები მოყვება ამ გაკვეთილს?


შეფასება:


ამ ნაწილში აისახება მიღწეული შედეგები. სასუველია, თავი მოვუყაროთ მოსწავლის მიერ ამ თემაზე შესრულებულ ნამუშევრებს (საშინაო დავალებების, თხზულებების, პალაკატების, ნახატების და სხვა). ყოველთვის შესაძლებელია მოსწავლეთა ცოდნის შეფასება სხვადასხვა გზით: (რუბრიკები, ტესტი, საქაღალდე, ზეპირი გამოკითხვა და სხვა).


  • როგორ შეაფასებთ დასახულ მიზნებს?

  • იციან თუ არა მოსწავლეებმა, როგორ, რა კრიტერიუმებით შეაფასებს მათ მასწავლებელი?


წესი № 2


მოსწავლეებს გააცანით, რას შეაფასებთ და როგორ. შეფასების დროს მიზანშეწონილი არ არის მიაწოდოთ ახალი მასალა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულად განამტკიცოთ.


სრულყოფილი შეფასებისათვის მასწავლებელს მრავალი ხერხი უნდა ჰქონდეს თავის არსენალში. მაგ., გაზეთის შექმნა, ესეს დაწერა, გამოფენის მომზადება, საქაღალდის შექმნა განსაზღვრულ თემასთან დაკავშირებით. შეფასებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამკუთხედში.


0x01 graphic


შეფასება პედაგოგს ეხმარება, დაადგინოს მიღწევათა დონეები და შეიმუშაოს სწავლების გზები, ასევე ეხმარება მასწავლებელსა და მოსწავლეს, უკეთ გაიგონ ერთმანეთი.


Comments

Popular posts from this blog